„გაბედეს“ წევრებმა სოფო კილაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან აქცია გამართეს
„გაბედეს“ წევრებმა სოფო კილაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან აქცია გამართეს

მოძრაობა „გაბედეს“ წევრები დეპუტატ სოფო კილაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან შეიკრიბნენ.

მათი განცხადებით, სურთ შეხვდნენ სოფო კილაძეს, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა, თუმცა არაფერს ამბობს, როდესაც მათზე ძალადობენ.

შეკრებილებმა დეპუტატთან ფულის გამოსახულებიანი შოკოლადის ფილებიც მიიტანეს.

აქციის მონაწილეებს შეხვდა დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი, რომელმაც განუმარტა, რომ სოფო კილაძე პარლამენტში, კომიტეტზეა და მათ ვერ შეხვდება.

როგორც დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი აცხადებს, სოფო კილაძეს ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლებთან შეხვედრა ორი კვირის წინ ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა მათი წარმომადგენელი შეხვედრაზე არ მივიდა. მისივე თქმით, სოფო კილაძე თანახმაა, აქციის მონაწილეებს შეხვდეს.

„გაბედეს“ წევრების აქცია გააპროტესტა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა. მათი თქმით, აქციის წევრები ხმაურით აწუხებენ და ტერიტორია უნდა დატოვონ.

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები.