სოფო ხუნწარია - საახალწლო სოფელში ყველა იპოვის მისთვის საინტერესო ღონისძიებას
თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია აცხადებს, რომ თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელი 28 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება და სხვადასხვა ღონისძიებით იქნება დატვირთული.
„28 რიცხვიდან უკვე ველოდებით ყველას საახალწლო სოფელში. 12:00 საათიდან უკვე შეუძლიათ, მობრძანდნენ. იქნება სხვადასხვა საბავშვო ღონისძიება. განსაკუთრებით დატვირთული 28 დეკემბერი იქნება, რადგან საახალწლო სოფლის გახსნაა. 12:00 საათიდან სხვადასხვა ზღაპრის გმირები, საბავშვო კონცერტები იქნება, ასევე თემატური კონცერტები“, – აღნიშნა სოფო ხუნწარიამ.
მისივე თქმით, 28 დეკემბერს, 20:00 საათზე საახალწლო სოფელში თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი შემოვლენ.
„გარკვეულწილად ორი კულტურის თანხვედრა იქნება. ეს არის ძალიან საინტერესო სანახაობა და ვფიქრობ, დიდებიც და პატარებიც უნდა მობრძანდნენ, რადგან ეს თეატრალიზებული ზღაპრული დადგმა აუცილებლად სანახავია. შემდეგ არის „გუფი ლენდის“ კონცერტი. ასევე, ყოველ საღამოს დიჯეი იდგება და 13 იანვრის ჩათვლით, ყოველდღე 12:00 საათიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე ველოდებით ყველას. ვფიქრობ, ყველა თავის ინტერესებს აუცილებლად იპოვის, რადგან საშობაო ბაზრიდან მოყოლებული, კულინარიული დეგუსტაციით დამთავრებული ყველაფერი არის გათვალისწინებული, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კონცერტი, საბავშვო სივრცეები. ასე რომ, გამოდით, გამოდით, ახალი წელია“, – განაცხადა სოფო ხუნწარიამ.