სოფო ხორგუანი - დღეს თავისუფლება მეტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და ამიტომ, შესაძლებელია, გამორჩეულად თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს
დღეს თავისუფლება მეტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და ამიტომ, შესაძლებელია, გამორჩეულად თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, – ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სოფო ხორგუანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ სიებში პრობლემაა და საარჩევნო სისტემაში ბევრი ხარვეზია გამოსასწორებელი“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.
როგორც მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, შრომას და ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა მოქალაქეები დაარწმუნოს, რომ იაქტიურონ და არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.
„ნიჰილიზმი და პოლიტიკოსებისადმი უნდობლობა არ ახალია და ამ თვალსაზრისით, მძიმე სურათია. მოქალაქეები ამბობენ, თქვენც ისე ხომ არ დაგემართებათ, როგორც სხვებს ემართებათ, თქვენც ისე ხომ არ მოგვატყუებთო და მე მიწევს მტკიცება, რომ ეს ასე არ არის. მჯერა მოქალაქეების, ვინც იცის, რომ ეს ჩვენი სამშობლოა, ყველას სამშობლო და პოლიტიკოსებზე და ზოგადად, პოლიტიკისადმი როგორი იმედგაცრუებულიც არ უნდა იყო, სამშობლოს ხომ არ გავებუტებით. ამიტომ, ჩვენი გასაკეთებელი მაინც ჩვენი გასაკეთებელია და ჩვენი გადაწყვეტილება ჩვენი გადაწყვეტილებაა. იგნორირებით შედეგი არ იქნება და თუ გვინდა, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, უნდა ვიაქტიუროთ“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.
ხორგუანმა ასევე განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, აქტიურობა იქნება და ამომრჩეველი მივა არჩევნებზე, რადგან სამოქალაქო აქტიურობა მაღალია და ამასთან, ამომრჩეველს დიდი არჩევანი აქვს.
„წინ კიდევ ერთი კვირა მაქვს და ჩემს ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ მოქალაქეები დავარწმუნო, მოვიდნენ და მხარი დამიჭირონ. მე მათ იმედებს ნამდვილად გავამართლებ. მოქალაქეთა მოთხოვნები და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა საკმაოდ მაღალია. ისინი აქტიურები არიან, სამოქალაქო აქტიურობა მაღალია და ამისთვის მე მათ მადლობას ვუხდი“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.
მისი თქმით, ერთ პარლამენტარს ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.
„ის, რომ დღეს არ აკეთებენ, იმას არ ნიშნავს, რომ ერთ დეპუტატს ბევრი რამის გაკეთება არ შეუძლია. ჩვენ სწორედ ამის შეცვლა გვინდა. პოლიტიკამ შინაარსი უნდა დაიბრუნოს და პოლიტიკოსი მსახური უნდა იყოს. პარლამენტში იმ ადამიანების მოსამსახურედ მივდივარ, რომელიც ნდობას მიცხადებს“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.
ამ განცხადებით სოფო ხორგუანი გადაცემაში სტუმრად მყოფ „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის” კანდიდატს, მამუკა ტუსკაძეს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ „ეს არჩევნები წმინდა წყლის სიცრუე და ბლეფია, რადგან ვერც ერთი კანდიდატის ერთი ხმა ვერ იქნება გადამწყვეტი განსაკუთრებული მიზნების შესასრულებლად“.
როგორც ხორგუანმა განაცხადა, პარლამენტს წერილობით მიმართა და იმედი აქვს, რეგლამენტით გათვალისწინებული თემატური ჯგუფი შეიქმნება, რათა კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკა ისე განისაზღვროს, რომ ეს ტვირთი კი არ იყოს, არამედ შემოსავლის წყარო გახდეს და ამან სამუშაო ადგილები შექმნას.