სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ფოთის წყალმარეგულირებელი ნაგებობა დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხაიძე ფოთში მდებარე წყალმარეგულირებელ ნაგებობაზე არსებულ ვითარებას გაეცნო. მინისტრის მოადგილემ ტერიტორია შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორ არჩილ ბუკიასთან, მხარის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
წყალმარეგულირებელი ნაგებობა შპს „საქართველოს მელიორაციის” საკუთრებაში 2017 წლის პირველ დეკემბერს გადავიდა. უწყების ინფორმაციით, მდგომარეობის დეტალურმა შესწავლამ ცხადყო, რომ წყალდიდობის შემთხვევაში, ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების დატბორვის საშიშროება რეალურად არსებობს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, უახლოეს დღეებში გამოვლინდება ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც რამდენიმე კვირაში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპს განახორციელებს.
„უახლოეს მომავალში ამ ჰიდროკვანძის ყველა სისტემა მოყვანილი იქნება მუშა მდგომარეობაში. ახლით შეიცვლება ამორტიზებული ელექტროტექნიკა; აღდგება კაშხლისა და ფარების მექანიკური ნაწილები; ამოიწევა და გახსნილ მდგომარეობაში დაფიქსირდება კაშხლის ათი ფარი. ასევე, გარემონტდება მისი კონსტრუქცია და დამხმარე ნაგებობები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციის თვალსაზრისითით, რათა მოხდეს იმ რისკების შემცირება, რაც შეიძლება მიადგეს მოსახლეობას წყალდიდობის შემთხვევაში“, – აღნიშნა გიორგი ჩხაიძემ.
პროექტის თანახმად, ობიექტის რეაბილიტაციისთვის 1 367 815-მდე ლარი დაიხარჯება.