სოფლის მეურნეობის დარგის პროფკავშირის თავმჯდომარემ პროფკავშირების შენობასთან შიმშილობა დაიწყო
სოფლის მეურნეობის დარგის პროფკავშირის თავმჯდომარემ პროფკავშირების შენობასთან შიმშილობა დაიწყო

სოფლის მეურნეობის დარგის პროფკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ლევან მთვარელიძე გაერთიანებული პროფკავშირების შენობის წინ შიმშილობის აქციას მართავს. მას მხარს უჭერს და სოლიდარობას უცხადებს კულტურის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი.

მთვარელიძე სოფლის მეურნეობის დარგის პროფკავშირის თავმჯდომარის ვადამდელ არჩევნებს აპროტესტებს, რომელიც დღეს გაიმართება. მისი თქმით, არჩევნები კანონის დარღვევით ტარდება.

მთვარელიძე ამბობს, რომ მას თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის კიდევ ორწლიანი ვადა აქვს, თუმცა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის ეთერ მათურელის უშუალო ჩარევით, ორგანიზაციის წევრებმა მისი გადაყენება გადაწყვიტეს.

მთვარელიძის თქმით, ეთერ მათურელმა ყრილობა დელეგატებს შანტაჟის გზით დაანიშნინა.

ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და თავმჯდომარის გადაყენებასთან რაიმე კავშირს უარყოფს ეთერ მათურელი. მისი განცხადებით, ლევან მთვარელიძე საკუთარ მოვალეობას კეთილსინდისიერად ვერ ასრულებდა, სამსახურში არ დადიოდა და ორგანიზაციის წევრებმა თავისი ინიციატივით გადაწყვიტეს ყრილობის გამართვა, რის შესახებაც, მისი თქმით, მთვარელიძისთვის ცნობილი ჯერ კიდევ აგვისტოში იყო.

ყრილობა, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ჩატარდება.