სოფიო ქაცარავა - საპარლამენტო უმრავლესობაში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ვხედავ
დეპუტატები, რომლებმაც უმრავლესობა დატოვეს, სამომავლო გეგმებს დღეს განიხილავენ, – ამის შესახებ დეპუტატმა სოფიო ქაცარავამ განაცხადა, რომელმაც გუშინ უმრავლესობის რიგები და საპარლამენტო თანამდებობა დატოვა.
„ამ წუთას ვერანაირ კონკრეტიკას ვერ გეტყვით. კოლეგებთან შეხვედრას რაც შეეხება, სამი წლის განმავლობაში ერთად ვმუშაობდით და ბუნებრივია, მათთან შეხვედრები ახლაც გვაქვს და ეს ნორმალური პროცესია. გუნდში დაბრუნების პერსპექტივას კი ვერ ვხედავ“, – განაცხადა ქაცარავამ.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, ქაცარამ თქვა, რომ „ასეთი გეგმები ამ წუთისთვის არ არის“.
დეპუტატმა ასევე უპასუხოდ დატოვა კითხვა, გეგმავენ თუ არა უმრავლესობის უკვე ყოფილი წევრები ფრაქციის შექმნას.
„ამ ეტაპზე ვერანაირ პასუხს ვერ გაგცემთ იმ კონკრეტულ კითხვებზე, რაც თქვენ გაინტერესებთ. მესმის, რომ ინტერესი არის. გუნდში არიან კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც ჩაგვანაცვლებენ და ამის პრობლემას ვერ ვხედავ“, – აღნიშნა ქაცარავამ.
კითხვაზე, უკავშირდებოდა თუ არა უმრავლესობიდან წასვლის გადაწყვეტილება მოსაზრებას, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან გაუჭირდებოდათ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის გამართლება, საგარეო ურთიერთობა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა – „საკითხი ამაზე არ არის“.
„გამართლება-არგამართლებაზე არ არის. ვნახეთ, როგორც განვითარდა პროცესები. მაჟორიტარების ჯგუფი იყო, რომელმაც ამას მხარი არ დაუჭირა. ვერავის აიძულებ, დაუჭიროს პროექტს მხარი, რომელიც მათთვის მიუღებელია“, – განაცხადა ქაცარავამ.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.
ამის შემდეგ უმრავლესობის რიგების და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს: თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა,ზაზა ხუციშვილმა, მარიამ ჯაშმა და გიორგი ბეგაძემ.