სოფიო ქაცარავა - საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით
სოფიო ქაცარავა - საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ განაცხადა.

ქაცარავას თქმით, არჩევნების დღემ მშვიდობიანად ჩაიარა და დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდა მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით. ეს დღეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა ახსენეს. მათ აღნიშნეს, რომ პროფესიონალურად წარიმართა არჩევნების ადმინისტრირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამომრჩევლების ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული და პროცესი იყო თავისუფალი და გამჭვირვალე. ეს ხელს უწყობს დემოკრატიული სტანდარტების გამყარებას. ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევთ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს. ცხადია, დიდ ყურადღებას მივაქცევთ, მაგრამ ზოგადად, მთავარია, რომ პროცესი იყო ძალიან გამჭვირვალე“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

დღეს, სასტუმრო „რედისონში“ ეუთო-ს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების ჩატარების შესახებ წინასწარ მოხსენება წარადგინეს.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, მარგარეტასედერფელტის განცხადებით, საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა საარჩევნო პროცესის გასაუმჯობესებლად.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა რასა იუკნევიჩენემ აღნიშნა, რომ საქართველო იყო და კვლავ რჩება დემოკრატიული გარდაქმნის დადებითი მაგალითი.

ამასთან, საერთაშორისო დამკვირვებლები წუხილს გამოთქვამენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცათ.

დამკვირვებლების ანგარიშში აღნიშნულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და მაღალპროფესიულ დონეზე იყო ადმინისტრირებული.