სოფიო ქაცარავა - გახარია ყოველთვის არის კონკრეტული და მკაფიო თავის ქმედებებში, იღებს პასუხისმგებლობებსა და გადაწყვეტილებებს, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია 
სოფიო ქაცარავა - გახარია ყოველთვის არის კონკრეტული და მკაფიო თავის ქმედებებში, იღებს პასუხისმგებლობებსა და გადაწყვეტილებებს, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია 

გიორგი გახარია არის ის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ხედვა, არის ყოველთვის კონკრეტული და მკაფიო თავის ქმედებებში, იღებს პასუხისმგებლობებსა და გადაწყვეტილებებს, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია ყველა პოზიციასა და თანამდებობაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ პრემიერობის კანდიდატად გიორგი გახარიას დასახელების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი პრემიერის მთავარი, უმთავრესი ამოცანაა, უპასუხოს საზოგადოების დაკვეთას.

„დღევანდელ მოცემულობაში გახარია მესახება იმ კანდიდატად, რომელიც გასცემს პასუხებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებსაც და პრობლემებსაც. ახალი პრემიერის მთავარი, უმთავრესი ამოცანაა, უპასუხოს საზოგადოების დაკვეთას. ეს დაკვეთაა, დაანახოს საზოგადოებას მკაფიო ხედვა ამ ქვეყნის მომავალზე და გააძლიეროს ჩვენს საზოგადოებასთან ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ამას გახარია შეძლებს. ამის თქმის უფლებას მაძლევს მისი განვლილი კარიერა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება საქმის მიმართ“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დღეს გიორგი გახარია დაასახელა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მამუკა ბახტაძემ გუშინ დატოვა.  როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მისია შეასრულა.

ამასთან, საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადება დასჭირდება. კონსტიტუციის გათვალისწინებით, პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში, ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ დასახელებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას.