სოფიო ქაცარავა - ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებს პოზიტიურ იმპულსს მისცემს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ეს პოლიტიკურ პროცესებზე პოზიტიურ გავლენას იქონიებს.
„მგონია, რომ კიდევ უფრო პოზიტიურ იმპულსს მისცემს ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება და მისი ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში. მივესალმები და როგორც გითხარით, ჩემი აზრით, ამას ექნება პოზიტიური გავლენა პროცესებზე“, – განაცხადა ქაცარავამ.
„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. „ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს დროს ჩამოაყალიბა პარტია, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა სახელმწიფოს განვითარებაში. ყველასთვის ნათელია, რამდენად დიდია ჩვენი გუდნისთვის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი და გუნდის სახელით მე შევთავაზე ბიძინა ივანიშვილს სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.