თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარიას განცხადებით, თბილისი საფესტივალო ქალაქი უნდა გახდეს. მანვე ხაზი გაუსვა საფესტივალო სივრცეებთან დაკავშირებულ პრობლემებს და აღნიშნა, რომ იგეგმება ღია სცენების და სააფიშე სივრცეების მოწყობა.
კიდევ ერთი სიახლე, რომელზეც თბილისის მერის მოადგილემ კულტურის მიმართულებით განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე ისაუბრა, წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე თბილისის მერიის სტენდით წარდგენაა.
მისი თქმით, აქ გამოიფინება დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნები და ამ ფორმით, მერია ხელს შეუწყობს იმ ავტორებს, რომელთა პროექტებსაც აფინანსებს. გარდა ამისა, იგეგმება თბილისის ისტორიული ცენტრის – მტკვრის ჭალის გადაქცევა თანამედროვე ხელოვნების ახალ პლატფორმად.
როგორც სოფიო ხუნწარიამ განაცხადა, იგეგმება ინოვაციური პროექტის – PUBLIC ART-ის და არქიტექტურული ინსტალაციის – „სიზმარი“ განხორციელება. “თბილისის მერიის ინიციატივით, წელიწადში ორჯერ გამოცხადდება კონკურსი „შემოქმედებითი თბილისი“, რომლის საკონკურსო მიმართულებებია: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ხელშეწყობა, ვიზუალური ხელოვნება – ფოტოგრაფია, თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა, ინსტალაციები, მხატვრობა და ქუჩის მხატვრობა,”-აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.
მისივე თქმით, მომავალ წელს თბილისს ექნება კულტურის დოკუმენტი თავისი სამოქმედო გეგმით.
კულტურის პოლიტიკის პრეზენტაციას კულტურის სფეროს წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები, მერის მოადგილეები, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები ესწრებოდნენ.