სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობამ ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან გადაინაცვლა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობამ, მიწის ფართობის გასხვისების გასაპროტესტებლად, შემოვლითი გზით, მინდვრების გავლით ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან გადაინაცვლა.
მაგისტრალის გასწვრივ მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც აქციის მონაწილეებს სთხოვენ, მაგისტრალი არ გადაკეტონ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გზას არ გადაკეტავენ და პროტესტს აქ გააგრძელებენ. ისინი შეხვედრას ითხოვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან და სახალხო დამცველთან, რადგან მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პასუხი ვერ მიიღეს.
„მე ვიცი, სამართალდამცველები რას აკეთებენ. თქვენს მოვალეობას ასრულებთ. განა არ ვიცი, გზაზე რომ გავიდე, წესრიგს დავარღვევ. დღეს ისეთი პერიოდია, სასწრაფო არ ჩერდება. პანდემიის პერიოდში შეიძლება, მომაკვდავი გადაჰყავდეთ, მე უნდა გადავუდგე და ვიღაცის სიკვდილის მიზეზი შეიძლება, გავხდე, მაგრამ გვაიძულეს. კარგად გამიგეთ, გვაიძულეს და მინდა, მივაწვდინოთ ხმა. დღეს ეს აქცია თუ დაიშალა, ჩათვალეთ, რომ ხვალ უარესს გვიზამენ. ხვალ თქვენი მობილიზება იქნება გაასმაგებული“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ადგილობრივები აქციას დილიდან მართავენ. მათ გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი კობა ბერიანიძე შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები და აღნიშნა, რომ „მიწა ვერ მოიხვნება, ვიდრე მოლაპარაკება არ დასრულდება“. ამასთან, ადგილობრივებს შიდა ქართლის გუბერნატორმა ვალერიან მჭედლიძემ განუცხადა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს მიწის მფლობელთან და მოსახლეობასთან, რათა ორივე მხარე შეთანხმებამდე მივიდეს.
საუბარია სოფელ ზედღულეთში არსებულ 75 ჰექტარ მიწის ფართობზე, საიდანაც 50 ჰექტარი კერძო მესაკუთრისაა, 25 ჰექტარი კი შპს „ფუდლენდის“ საკუთრებაშია. ზეღდულეთის მოსახლეობა ამბობს, რომ მიწა ჯერ კიდევ 2009 წელს გასხვისდა ინდოეთის მოქალაქეებზე. მათივე თქმით, აღნიშნული ფართობის ნაწილი კერძო პირმა რამდენიმე თვის წინ გამოისყიდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ფართობის მფლობელი მოსახლეობას დასაქმებასთან ერთად, სოფლის საკუთრებაში ტრაქტორის გადაცემას სთავაზობს, თუმცა ამაზე არ თანხმდებიან, რადგან, როგორც მოსახლეობა განმარტავს, წლებია, ფართობს საძოვრებად იყენებენ.