სოფელ ყანდაურაში ოჯახის წევრებისა და მეზობლების მკვლელობაში ბრალდებულ ნოდარ გამყრელიძეს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თელავის რაიონულმა სასამართლომ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ოჯახის წევრებისა და მეზობლების მკვლელობაში ბრალდებული ნოდარ გამყრელიძე დამნაშავედ ცნო და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე დღის წინ გაიმართა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი.
ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი ქართლელიშვილის ინფორმაციით, სხდომაზე მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა და სასამართლოს მიერ დასაბუთებული განაჩენი ჯერ არ ჩაბარებია.
გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2019 წლის 3 მაისს, კახეთში, სოფელ ყანდაურაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა ოჯახის წევრებსა და მეზობლებს.
ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი წლის წინ თავდაპირველად 85 წლის ომარ გამყრელიძე დააკავეს. გამოძიება ამბობდა, რომ მან მოკლა შვილი, რძალი, ორი მეზობელი და დაჭრა მეუღლე, რომელიც შემდგომ გარდაიცვალა. მას პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მოგვიანებით ის პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ამავე საქმეზე დაკავებული იყო ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილიც. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდნენ. გასული წლის ნოემბერში პატიმრობიდან ისიც გათავისუფლდა.