სოფელ ყანდაურაში მკვლელობის საქმეზე ძებნილი პირი დააკავეს
სოფელ ყანდაურაში მკვლელობის საქმეზე ძებნილი პირი დააკავეს

პოლიციამ სოფელ ყანდაურაში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე ძებნილი პირი დააკავა.

ამის შესახებ შსს-ს ინფორმაციაშია აღნიშნული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ნ. გ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სოფელ ყანდაურაში დააკავეს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2019 წლის 3 მაისს, კახეთში, სოფელ ყანდაურაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა ოჯახის წევრებსა და მეზობლებს.

2019 წლის 20 ივლისს, ნ.გ-ზე ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის სავარაუდო იარაღები ნივთმტკიცებებად ამოიღო.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ და მესამე ნაწილის „ა”ქვეპუნქტებით, რაც ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.