სოფელ წინარეხში მდებარე სკოლას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
სოფელ წინარეხში მდებარე სკოლას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში მდებარე სკოლას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

შენობა ერთსართულიანია. ნაგებია ნატეხი ქვით კირხსნარზე. XX ს. შუა ხანებში ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან აგურით, ბლოკითა და ნატეხი ქვის კედლებით ნაგები მიშენებები აქვს.

სკოლის თავდაპირველი შენობა ასეთი იყო: სამხრეთით მთელს სიგრძეზე გასდევდა აივანი (ამჟამად ამოშენებულია და ერთ საკლასო ოთახად და ვესტიბიულადაა გამოყენებული), რომლიდანაც გადის გამჭოლი დერეფანი. დერეფნის ორივე მხარეს ორ-ორი საკლასო ოთახი მდებარეობდა. რომლებსაც სარკმლები ქონდათ დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეს. სარკმლებს თავისი დარაბები გააჩნდათ (ამჟამად დარაბები შემორჩენილია სამხრეთ-დასავლეთ ოთახში, სადაც ახლა ბიბლიოთეკაა განლაგებული).

მიშენებების შემდეგ სკოლა ასე შეიცვალა: აივანი ამოაშენეს და საკრმლებით გაანათეს, ჩრდილო-დასავლეთის საკლასო ოთახი მცირე ვესტიბიულად აქციეს, ხოლო საკლასო ოთახები გახდა აივნის ამოშენებული ნაწილი და მიშენებულის დასავლეთი ნაწილი. მიშენების აღმოსავლეთ ნაწილში კი სამასწავლებლოა განთავსებული. სამხრეთის მინაშენში განთავსდა ბიბლიოთეკის ნაწილი და სხვა დამხამრე დანიშნულების ოთახები.

სკოლაში დაცულია რამდენიმე ძველი მერხი და ორი ხის დაფა.

სკოლის შენობას წინ აქვს ძველი ეზო, რომელშიც საუკუნოვანი ბზის რიგია დაცული.

სკოლა გახსნილია 1882 წ. 1-ელ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ წინარეხის მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე. შენობა ასევე საზოგადოების მიერაა აშენებული. 1883 წელს მთავრობის განკარგულებით სკოლა უნდა დახურულიყო იმ საბაბით, რომ სწავლება მიდიოდა არა იანოვსკის პროგრამის მიხედვით, არამედ ორგანიზაციის შედგენილი პროგრამით. მაგრამ წერა-კითხვის საზოგადოების გადაწყვეტილებით, სკოლამ არსებობა გააგრძელა.

სკოლა ოთხწლიანი იყო და  ერთი მასწავლებელი ასწავლიდა. პირველი მასწავლებელი სალომე მაღალაშვილი ყოფილა, ხოლო 1901 წლიდან უკვე სკოლაში დიდი ხნის მანძილზე მასწავლებლობდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ სოფ. პერევისიდან საგანგებოდ გადმოყვანილი ივანე გიუნაშვილი.

სკოლა არქიტექტურული თვალსაზრისით არ წარმოადგენს გამორჩეულ ნაგებობას, ის მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისთვის დამახასიათებელი აღმოსავლეთ საქართველოს საცხოვრებელი ნაგებობების არქიტექტურული ფორმების გათვალისწინებითაა აგებული, თუმცა მისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება შესაძლებელია სამი მახასიათებლით: 1. სიძველე; 2. ისტორიულობა – ის ერთ-ერთი პირველი სკოლის შენობაა, რომელთა მშენებლობა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო საქართველოში; 3. მემორიალურობა – წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან კავშირის გათვალისწინებით.

XIX საუკუნის სკოლის შენობას XX საუკუნის შუა ხანებში ჩრდილოეთიდან გაუკეთეს ორ ოთახად გატიხრული , ხოლო სამხრეთიდან რამდენიმე ოთახისგან შედგენილი მინაშენი. ამოშენებულია თავდაპირველი აივანი. ფასადებზე ჩასმულია მეტალო-პლასტმასის ფანჯრები. ძველი ხის ფანჯრები თავისი დარაბებით შემორჩენილია აივნის მხარეს გახსნილ ოთახებში. ხისაა ოთახის კარებებიც. სკოლა გარედან და შიგნიდან შელესილია. ადგილ-ადგილ ფასადებზე შელესილობა აყრილია. იატაკი ძველი ხისაა, ჭერი თავდაპირველ ნაგებობაში ხისაა, მინაშენებში კი დიქტის და სხვა მასალის. კედლები დაბზარულია. იატაკი ადგილ-ადგილ დაზიანებული. დახურულია შიფერით.