სოფელ ველისციხის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის მე-14 საუბნო საარჩევნო კომისიამ მუშაობა შეაჩერა.
გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მაია ჩუთლაშვილის განმარტებით, ამის მიზეზი კომისიის ერთ-ერთი წევრის „კოვიდ -19“-ით დაინფიცირება გახდა. მისი განმარტებით, კომისიის ყველა წევრი თვითიზოლაციაში გადავიდა.
„კომისიის მუშაობა სრულად შეჩერდა, რადგან ერთ-ერთ წევრს ვირუსი დაუდასტურდა. ველოდებით რეკომენდაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში კომისიის გარეშე უბანი ვერ იქნება. ამიტომ რა ზომებს უნდა მივმართოთ ექსტრემალურ სიტუაციაში, ამაზე რეკომენდაციებს ველოდებით“, – განაცხადა ჩუთლაშვილმა.
სოფელ ველისციხის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს „კოვიდ-19“ პირველ ოქტომბერს, საღამოს დაუდასტურდა. ის ამავდროულად თელავის ერთ-ერთი კლინიკის ექიმია.
პაციენტი სამკურნალოდ კოვიდკლინიკაშია გადაყვანილი.
კახეთში კორონავისრუსის სულ 62 შემთხვევაა დადასტურებული.