სოფელ ტანძიაში ადგილობრივები "არემჯი გოლდის" სამუშაოების დაწყებას 34-ე დღეა აპროტესტებენ
სოფელ ტანძიაში საპროტესტო აქცია იმართება. ადგილობრივები ხრამის ხეობაში, კერძოდ ბნელი ხევის ტერიტორიაზე, კომპანია “არემჯი გოლდის” მიერ სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, უკვე 34-ე დღეა, გზა აქვთ გადაკეტილი და კომპანიის ავტომობილებს მოძრაობისა და მუშაობის განახლების საშუალებას არ აძლევენ.
“მოთხოვნა უცვლელია, შეაჩეროს “არემჯი გოლდმა” ხეობაში საქმიანობა, რადგან ის უდიდეს საფრთხეს უქმნის სოფელს ჰაერისა და წყლის დაბინძურების მხრივ, აზიანებს ადგილობრივების ჯანმრთელობას. კომპანიამ გაჩეხა ტყის დიდი მასივი, აპირებდნენ ღია კარიერების გახსნას, რაც ეკოლოგიურ პრობლემებს შექმნის”,-აცხადებს აქციის მონაწილე ზაზა ბერიანი.