სოფელ ქვემო ბოდბეში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
„პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი დააკავა. სამართალდამცველების მიერ ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი (სანადირო თოფი)“, – აცხადებენ უწყებაში.
როგორც საქართველოს პირველ არხს დედოფლისწყაროს მერმა, ნიკა ჯანიაშვილმა განუცხადა, დაჭრილი მამაკაცი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის რწმუნებულის, აკაკი თარაშვილის ვაჟი კობა თარაშვილია.