სოფელ ქვახვრელთან უხვი ნალექის გამო წარმოქმნილი კუნძულიდან მაშველებს წვრილფეხა პირუტყვი ნავით გამოჰყავთ [ვიდეო]
შიდა ქართლში, სოფელ ქვახვრელთან, უხვი ნალექის გამო წარმოქმნილ კუნძულთან დასაკავშირებლად მეხანძრე-მაშველებმა საბაგირო გზა მოაწყვეს და წვრილფეხა პირუტყვის გამოყვანა დაიწყეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 24 მარტს უხვი ნალექის გამო მდინარე მტკვარი ადიდდა და სოფელ ქვახვრელთან წარმოიქმნა ხელოვნური კუნძული. კუნძულზე დარჩენილი იყო ექვსი მწყემსი და დიდი ოდენობის წვრილფეხა პირუტყვი და საქონელი. მათივე ცნობით, ადგილზე დროულად მოხდა მეხანძრე-მაშველების მობილიზება. შესაბამისი მცურავი საშუალებებით მოხერხდა მწყემსების უსაფრთხო ადგილას დროულად გამოყვანა, თუმცა მდინარის დინების სიჩქარისა და წყლის დონის მომატების გამო, საქონლის გამოყვანა ვერ ხერხდებოდა. ორმა მწყემსმა გადაწყვიტა კუნძულზე დარჩენა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მათთვის მოაწყო ღამის გასათევი. მეხანძრე-მაშველები დარჩნენ ადგილზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პარალელურად, დაიწყო წყლის დონის მონიტორინგი.
დილიდან შესაძლებელი გახდა საბაგირო გზის მოწყობა, რაც მეხანძრე-მაშველებს საშუალება მისცა, წვრილფეხა პირუტყვი უსაფრთხო ადგილზე გამოეყვანათ.