ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.
როგორც მოსახლეობა აცხადებს, სტიქიამ ყურძნის მოსავალი თითქმის სრულად გაუნადგურა. ისინი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვენ, გადარჩენილი ყურძენი ჩაიბაროს.
მოსახლეობამ თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.
კახეთის სოფლებში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. როგორც პირველ არხს კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშივლმა განუცხადა, სტიქიის შედეგად ახმეტის რაიონის სამ სოფელში, ქისტაურში, ახშანსა და მატანში თითქმის სრულად განადგურდა ყურძნის მოსავალი. ამასთან, სტიქიამ დააზარალა თელავის მიმდებარე სოფლები შალაური, კისისხევი და ნასამხრალი.
ქალაქ თელავში უხვი ნალექი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა, რის გამოც დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები, ცენტრალურ ქუჩებზე დაზიანდა ასფალტის საფარი.