სოფელ ნაცატუშის მოსახლეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე შეხვდა
ზუგდიდის სოფელ ნაცატუშის მოსახლეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიგა ფარულავა შეხვდა.
მისი თქმით, სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში 2021 წლის სამოქმედო გეგმით უკვე გათვალისწინებულია გზის სრული რეაბილიტაცია. ფარულავას განცხადებით, ამ ეტაპზე დაწყებულია გზის მოგრეიდერება.
„რაც შეეხება დღევანდელ აქციას, გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ, მოსახლეობა გამოიყენონ ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის. მხოლოდ მიმდინარე წელს ზუგდიდის მერია ქალაქის 60 გზის და სოფლებში 30-მდე გზის რეაბილიტაციას ახდენს“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.
სოფელ ნაცატუში მოსახლეობის ნაწილი გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდა. აქციის მონაწილეებმა წალენჯიხა-ზუგდიდის საავტომობილო გზა გადაკეტეს. პოლიციამ გზის გახსნა მოითხოვა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის პოლიციის განყოფილებასთან გადაინაცვლეს. აქციას შეუერთდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები.