სოფელ მუშევანში კორონავირუსით ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიების მიზნით, მედიკოსთა ჯგუფები მუშაობენ
სოფელ მუშევანში, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს, მედიკოსთა ჯგუფები მუშაობენ.
ეპიდემიოლოგები და მედიკოსთა ჯგუფები სოფელ მუშევანში რამდენიმე საათის წინ შევიდნენ.
ეპიდემიოლოგები იკვლევენ კონტაქტებს, რომელთაც კავშირი ჰქონდათ დაინფიცირებულ პირებთან.
დადასტურებული კონტაქტებიდან ბიოლოგიური ნიმუშების აღება ხვალ არის დაგეგმილი.
ეპიდემიოლოგების გარდა, სოფელ მუშევანში ასევე იმყოფებოდნენ ქალაქის მერი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
მერის განცხადებით, მედიკოსებს დღეს რაიმე შეფერხება არ ჰქონიათ.
„ვიყავით სოფელში მედიკოსებთან ერთად. შესვლის მიზანი იყო, რომ მოგვემზადებინა, მოსახლეობისთვის უფრო მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, რომ უნდა შევიდნენ მედიკოსთა ჯგუფები და მოხდება ბიოლოგიური ნიმუშების აღება. სავარაუდოდ, ხვალისთვის გვეცოდინება, თუ რამდენი ჯგუფი დაემატება ლუგარის კვლევითი ცენტრიდან ჩვენს მედიკოსებს, რომლებიც ახლა კონტაქტების დადგენაზე მუშაობენ.
მოსახლეობის ნაწილს შევხვდით დღესაც და საინფორმაციო კამპანია გავაგრძელეთ. ვფიქრობ, რომ თითოეული მათგანისთვის მკაფიოდ არის გაცნობიერებული, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სოფელში მედიკოსების მუშაობას. არანაირი შეფერხება არ ჰქონიათ, უკვე ორი საათია, გაშლილები არიან და ახლო კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ“, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.
ეპიდემიოლოგები სოფელში ამ დრომდე რჩებიან და კონტაქტების დადგენაზე მუშაობას აგრძელებენ.