სოფელ მუშევანში კორონავირუსით ინფიცირებულების კლინიკაში გადასაყვანად მოლაპარაკებები მიმდინარეობს
კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ბოლნისის სოფელ მუშევანში მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, კორონავირუსით ინფიცირებულთა ახლობლებთან მოლაპარაკებების პროცესში ჩართული არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ბოლნისის მერი, ასევე მაჟორიტარი დეპუტატი. ასევე, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები.
სოფელ მუშევანის შესასვლელთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ჯგუფია მობილიზებული, რომლებმაც კორონავირუსით ინფიცირებული პირები უნდა გადაიყვანონ. სასწრაფო დახმარების ერთმა ჯგუფმა ტერიტორია რამდენიმე წუთის წინ დატოვა და სოფელში შევიდა. ამ ჯგუფმა უკვე დატოვა სოფელი, თუმცა ჯერ უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი ინფიცირებულის გადაყვანას კლინიკაში.
ასევე, სოფელში სასწრაფო დახმარების კიდევ ერთი ჯგუფი შევიდა.
როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი აცხადებს, ისინი სთავაზობენ ინფიცირებულებს, რომ გადაიყვანენ საუკეთესო კლინიკაში და ასევე, სურვილის შემთხვევაში, ერთი ოჯახის წევრები ერთ კლინიკაში განთავსდებიან.
სოფელ მუშევანში კორონავირუსი გუშინ ათ პირს დაუდასტურდა. თუმცა ამ პირთა კლინიკაში გადაყვანისას ადგილობრივების ნაწილმა გააპროტესტა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. შსს ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და სოფელში მომხდარისას მცირედით დაზიანდა ორი ავტომანქანა.
სოფელ მუშევანში ზომები 25 აპრილის შემდეგ გამკაცრდა, რაც კორონავირუსის დადასტურებული რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციის გავრცელება რომ არ მომხდარიყო, ამ სოფელთან ერთად იმავე დღეს ზომები გამკაცრდა სოფელ ხატისოფელსა და ვანათში, სადაც ასევე კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დადგინდა.