სოფელ მეტეხში მცხოვრებ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, ის თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის მცხოვრებელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
აღნიშნულ ფაქტს კასპის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი სოფელ მეტეხში სოსო მარღიშვილი ადასტურებს.
შუახნის ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში სანიტრად მუშაობს.
პაციენტი რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფიცირებული მედდის ე.წ. კლასტერს მიეკუთვნება და თბილისში, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
მას კორონავირუსზე ტესტირება სწორედ თბილისში ჩაუტარდა.
სოსო მარღიშვილის თქმით, ამწუთებში სოფელ მეტეხში, ინფიცირებული ქალის ოჯახში ეპიდემიოლოგები მუშაობენ, ვინაიდან ქალბატონი თვითიზოლაციაში გადასვლამდე იქ იმყოფებოდა.
ამ დროისთვის ოჯახის წევრები უკვე თვითიზოლაციაში არიან.
ამასთან, შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნეს ინფიცირებული 48 წლის მამაკაცისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფიცირებული ორი მედდის კონტაქტებიდან აღებული 14 ნიმუში, ყველას შემთხვევაში პასუხი უარყოფითია.
რეგიონში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პირების 60-დე კონტაქტია თვითიზოლაციაში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა, ერთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.