სოფელ კოდასთან, სადაც საოკუპაციო რეჟიმმა რკინის ახალი ბარიერი დაამონტაჟა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩავიდა
სოფელ კოდასთან, სადაც საოკუპაციო რეჟიმმა რკინის ახალი ბარიერი დაამონტაჟა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩავიდა

სოფელ კოდასთან, სადაც საოკუპაციო რეჟიმმა რკინის ახალი ბარიერი დაამონტაჟა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩავიდა.

რკინის კონსტრუქციის ღობე და კარი ე.წ საზღვრის კოდას მონაკვეთზე, დაახლოებით 300 მეტრ სიგრძეზე გაავლეს. რკინის ღობესთან დამონტაჟებულია მავთულხლართებიც.

„აქ რუსი სამხედროები ყოველდღე პატრულირებენ. ჯერ გზა ტექნიკით გაიყვანეს, მერე ღობეები დადგეს. რუსები მუშაობდნენ. ადრე აქ შევდიოდით ფიჩხის გამოსატანად, სოკოზე. ახლა უკვე ღობემდე 100 მეტრით მიახლოებასაც გვიკრძალავენ“, – აცხადებს კოდას მცხოვრები თემურ კვინიკაძე.

რკინის ღობეები სოფელ კოდასთან ერთი წლის წინაც დაამონტაჟეს. სადემარკაციო სამუშაოები რუსმა სამხედროებმა ამჯერად კოდა-ჭვრინისის მონაკვეთზე განაახლეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კოდა-ჭვრინისის სეგმენტზე უკანონო ხელოვნური ბარიერების აღმართვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელების მორიგი ფაქტია.