სოფელ ხიდისყურთან დაკავშირებით დამატებითი ღონისძიებების შესახებ საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს
ხაშურის მუნიციპალიტეტის გომის თემის სოფელ ხიდისყურთან დაკავშირებით დამატებითი ზომების შესახებ საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. ამის შესახებ შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.
ამ დროისთვის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურის შესასვლელს სამართლდამცავები აკონტროლებენ. კონტროლი სოფელში „კოვიდ 19“-ის ახალი შემთხვევის შემდეგ გამკაცრდა.
„სოფელ ხიდისყურში დადასტურდა „კოვიდ 19“-ის შემთხვევა. გუშინ გაკეთდა შიდა ქართლიდან დამატებითი ცხრა კვლევა. აქედან მხოლოდ ერთ ადამიანზეა დადებითი და ეს შემთხვევა არის ამ სოფლიდან. „კოვიდ 19 “-ის გავრცელების, თავიდან არიდებისა და ლოკალიზების მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად გამკაცრებული იყოს პოლიციური კონტროლი. აღნიშნულის შესახებ ცენტრალურ საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაცია მიეწოდა. იმსჯელებენ და დამატებით ღონისძიების შესახებ იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.
გომში ახალი კორონავირუსი ერთ პირს გუშინ დაუდგინდა. ის ოჯახთან ერთად აგარაკზე გომში იმყოფებოდა. „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ ქალთან კონტაქტში მყოფი კიდევ ხუთი პირის ანალიზის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია, ერთს კი, ინფექცია დაუდასტურდა.