სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინაღმდეგეები აქციის გამართვას გეგმავენ
სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინაღმდეგეები აქციის გამართვას გეგმავენ.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, აქცია 16:00 საათზე დაიწყება და ისინი სამართალდამცავებს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ნამახვანში შეუშვან.
„16:00 საათიდან გადავინაცვლებთ ბარიკადებთან და პოლიციას იგივე კითხვებით მივმართავთ, რა მითხვებითაც მივმართეთ მივმართეთ გუშინ. ჩვენი მოთხოვნა რეალურად არის ის, რომ კონსტიტუციური უფლება, მშვიდობიანი პროტესტის ფორმებს მივმართოთ, გვაქვს შეზღუდული და გავაგრძელოთ პროტესტი ისე, როგორც ამას ვაკეთებდით მთელი თვეების განმავლობაში ნამახვანის ტერიტორიაზე. დაგვირბიეს კარვები, პოლიციის მხრიდან ჩვენი მისამართით არის რეპრესიული მოქმედებები. ჩვენ ვართ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები. არ გავხსნით ამ გზას, ვიდრე არ გაგვიხსნიან ჩვენც გზას. ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, ცალსახად გვაქვს გაცხადებული პოზიცია, რომ პოლიტიკურ ჯგუფებთან გვაქვს მკაცრი და მკაფიო ზღვარი“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
ადგილზე ამ დროისთვის გზა ორივე მხრიდან არის გადაკეტილი. გზის ერთი მხარე აქციის მონაწილეებმა ავტომობილებით ჩახერგეს და ამბობენ, რომ გზას მანამდე არ გახსნიან, ვიდრე პოლიცია მათ პროტესტის გამოხატვის უფლებას ნამახვანში არ მისცემს. ნამახვანისკენ მიმავალი გზა პოლიციამ რკინის ჯებირებით გადაკეტა და აქციის მონაწილეებს გადაადგილების უფლებას არ აძლევს.