სოფელ ერგნეთში, გამყოფი ხაზიდან ასიოდე მეტრში, დღეს 10 წლის წინანდელ აგვისტოს ომს გაიხსენებენ.
სტუმრებს ორი დამოუკიდებელი პროექტის ნახვის საშუალება ექნებათ.
ლია ჩლაჩიძის სახლში, სადაც მისი ინიციატივით, აგვისტოს ომის მუზეუმი დაფუძნდა, მემორიალური აქცია 18:00 სთ-ზე გაიმართება და სტუმრები მეხსიერების პორტალიდან ომგამოვლილი ადამიანების ისტორიებს წაიკითხავენ.
მეხსიერების პორტალს გამომცემლობა „ინდიგო” და „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT” წარადგენენ, რომელიც 2008 წელს ომგამოვლილი ადამიანების ისტორიებს ინახავს.
„აგვისტოს ომი საინფორმაციო ველიდან სწრაფად გაქრა. მეხსიერებამ ვერ შეინახა ისტორიები და მხოლოდ ფრაგმენტებად დარჩა მშრალი ქრონიკა, ფაქტები და სტატისტიკა. ამიტომ, ამ სოლიდარობის აქციით ომის განსხვავებული პერსპექტივით, ადამიანის ბიოგრაფიიდან დანახვას ვცდილობთ“,- ამბობენ პროექტის ავტორები.
ერგნეთში დღეს ომის თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმების ჩვენება და ფოტოგრაფ თაკო რობაქიძის ფოტოგამოფენა „ცხოვრება საქართველოსა და რუსეთის მოძრავ საზღვარზე“ გაიხსნება.