სოფელ დიცის მოსახლეობა გასხვისებული მიწის დაბრუნებას ითხოვს
სოფელ დიცის მოსახლეობა გასხვისებული მიწის დაბრუნებას ითხოვს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის მოსახლეობა გასხვისებული მიწის სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვს. ადგილობრივები 2012 წლიდან დღემდე 100 ჰექტარამდე მიწის ფართობის გასხვისებას აპროტესტებენ.

როგორც სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, 80 ჰექტარი 2012 წელს ინდოეთის მოქალაქეზე გასხვისდა, შემდეგ კი ფართობის ნაწილი სხვადასხვა პირზე გაიყიდა. დიცის მოსახლეობა აცხადებს, რომ ეს მიწა სოფლის სარეზერვო ფონდია და საძოვრებად იყენებენ.

მიწის ფართობის დაბრუნების მოთხოვნით, აქცია სოფელში არაერთხელ გაიმართა. მოსახლეობა აცხადებს, რომ ოკუპაციის შედეგად ისედაც დიდი ტერიტორია დაკარგა სოფელმა და ამ ფართობის დათმობას არ აპირებენ.

„არავის მოვახვნევინებთ ამ მიწას. ისედაც ბევრი მიწა დავკარგეთ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო. რაც გვაქვს, იმასაც გვართმევენ. ერთ ძროხასაც თუ ვეღარ იყოლიებ, რაღა ფასი აქვს სოფელში ცხოვრებას. შევარდნაძის დროს მიწები რომ დარიგდა და პრივატიზაცია დაიწყო, ყველა ოჯახმა მოვიკელით მიწის ნაკვეთები, რომ სოფელს დარჩენოდა სარეზერვო მიწა და  საჭიროებისამებრ გამოგვეყენებინა. ინდოეთის მოქალაქეზე წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა, ამ ხელისუფლების დროს კიდევ ვიღაცაზე გაიყიდა. რა გავაკეთოთ, ვის მივმართოთ. უკანონოდ ჩაიგდეს მიწა ხელში და ახლა ამბობენ, ყველაფერი კანონიერად არისო. არავის მივცემთ ამ მიწის დამუშავების უფლებას“, – აცხადებს სოფელ დიცის მცხოვრები ილია ბერუაშვილი.