სოფელ დიცში სარწყავი წყლის მოთხოვნით ადგილობრივები აქციას მართავენ
სოფელ დიცში სარწყავი წყლის მოთხოვნით ადგილობრივები აქციას მართავენ

სოფელ დიცში სარწყავი წყლის მოთხოვნით ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მოსავალი გაუხმათ და წელს მორწყვა ვერ შეძლეს. სოფელი წყალს არბოს სატუმბო სადგურიდან იღებს. ადგილზე მისული მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამი დღის წინ ძრავი გაფუჭდა და სარწყავი წყლის პრობლემა ამან შექმნა.

მოსახლეობა ამბობს, რომ მელიორაციის სამსახური ტყუის და სოფელს წყალი ამ სეზონზე არ ჰქონია. ადგილობრივი მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას ითხოვს.

„რაც არბოს სადგური გაკეთდა, მას შემდეგ პრობლემა გვაქვს. ყოველ წელსაა ეს პრობლემა. წელს საერთოდ ვერ შევძელით ბაღების მორწყვა. არ ჰყოფნის წყალი. ორ დღეში ერთხელ ერთი საათი ამხელა სოფელს არ ეყოფა. ახლა აბრალებენ მატორი გაფუჭდაო. შეიძლება გაფუჭდა კიდეც, მაგრამ ეს არ მოაგვარებს პრობლემას. იმის გარანტიას არავინ გვაძლევს, რომ მატორის გაკეთების შემდეგ წყალი მოვა. იციან, რომ არ მოვა წყალი. ვითხოვთ, მიხედონ ამ სოფელს. გადავანაწილოთ ეს წყალი. სხვა სოფელში ასობით ჰექტრები აქვთ და იქ რწყავენ, ჩვენთან ვეღარ მოდის. ვითხოვთ, რაღაც მოაგვარონ. საზღვრისპირა სოფელია და მოსავალიც თუ ვერ მოვიყვანეთ, ვინ გაჩერდება სოფელში“, – აცხადებს სოფელ დიცის ერთ-ერთი მკვიდრი.