სოფელ ბულეშში მუკბანიანების საგვარეულო კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
სოფელ ბულეშში მუკბანიანების საგვარეულო კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულეშში მუკბანიანების საგვარეულო კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ინფორმაციის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო​ს ინფორმაციით, მუკბანიანების კოშკის რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, რომელიც გასულ წელს წარიმართა, შესრულებულმა სამუშაოებმა სანახევროდ მორღვეული კოშკის კედლები მოიცვა. ნაგებობის ქვები ახლიდან გადაეწყო და ნაწილობრივ ახალი მასალით ჩანაცვლდა. ფიზიკური სამუშაოების შედეგად ნაგებობის პირველ და მეორე დონეზე მოეწყო ხის სართულშუა გადახურვები.

მეორე ეტაპის სამუშაოების შედეგად კი, აღდგა კედლის ქვების წყობა ახალი ქვებით. ასევე, აღდგა ქონგურები ახალი ქვით, მოეწყო სართულშუა ხის კონსტრუქციები, მოეწყო სახურავი ფიქალით (ორი რიგი) და მოეწყო შიდა კიბეები ხის მრგვალი მორებისგან.

საგვარეულო კოშკზე ფიზიკური სამუშაოების ღირებულებამ 68 000 ლარი შეადგინა.