სოფელ ბერთაში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერთაში (ძველი ოლიანქი) მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ეკლესია სამი მღვდელმთავრის სახელობის მამათა მონასტრის ეზოშია მოქცეული. წარმოადგენს მცირე დარბაზულ ეკლესიას. ნაგებია დამუშავებული, მოწითალო ფერის ქვით. უაბსიდოა. არქიტრავული შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს. სამხრეთისა და დასავლეთის კედლებში თითო სარკმელია. მათგან დასავლეთის სარკმლის საპირე გარედან ოთხფურცელა ფორმისაა. გადახურულია ბერძნული კრამიტით.
ეკლესია დგას წყაროზე. ტაძრის ქვეშ და აღმოსავლეთი კედლის გაყოლებაზე ტაძრის თანადროული აუზია მოწყობილი, რომელშიც კალმახები ბუდობენ. ტაძრის აღმოსავლეთი კედლის ძირში მცირე თაღია გაკეთებული, საიდანაც კალმახები ტაძრის ქვეშ აუზიდან ტაძრის აღმოსავლეთით მდებარე ნაწილში გამოდიან.
მონასტერი გარდა ამ პატარა ტაძრისა. მოიცავს უკანასკნელ პერიოდში აშენებულ ოთხ მოზრდილ სხვადასხვა ფუნქციის შენობას. შემოზღუდულია გალავნით.