სოფელ ართანაში მშენებარე სასტუმროს კედლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ოთხი მუშა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, მშენებარე სასტუმროს ბეტონის კედლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ოთხი მუშა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მათ ინტენსიური მკურნალობა უტარდებათ.
დაშავებულები ყამბარაშვილის კლინიკასა და რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.
ექიმების განცხადებით, დაშავებულებს სხეულზე სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები, თავის ტვინის ტრავმა და დაჟეჟილობები აღენიშნებათ. მედიკოსების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაშავებულები კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, ირაკლი შიოშვილმა მოინახულა, რომელმაც აღნიშნა, რომ მუშები კომპანია ,,ვინოტელის” მშენებლობაზე დაშავდნენ.
,,საავადმყოფოში დაშავებული მუშების მოსანახულებლად მოვედი. ტელეფონით ვესაუბრე მშენებარე სასტუმროს მეპატრონეს ,,ვინოტელის” დამფუძნებელს, ბენო ქაშაკაშვილს და საავადმყოფოში ისიც გეგმავს დაშავებულების მოსანახულებლად საავადმყოფოში მოსვლას და მათ დახმარებას,” – განაცხადა შიოშვილმა.
სასტუმროს მშენებლობაზე დასაქმებული ხელოსნები ამბობენ, რომ ობიექტზე უსაფრთხოების შესაბამისი ზომები დაცული იყო და მომხდარს უბედურ შემთხვევას უკავშირებენ. გამოძიება სსკ 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.