სოციალური მუშაკების აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გაერთიანებული პროფკავშირები შეუერთდნენ
სოციალური მუშაკების აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გაერთიანებული პროფკავშირები შეუერთდნენ. პროფკავშირების თავმჯდომარის თქმით, ისინი სოლიდარულები არიან გაფიცულ სოციალური მუშაკების მიმართ და მათ საკუთარი უფლებების დაცვაში სამართლებრივ მხარდაჭერასაც უცხადებენ.
ირაკლი პეტრიაშვილის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა მუშაკების პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა უწყებამ ეს დრო ვერ, ან არ გამოიყენა.
„ერთი შეხვედრის ორგანიზება ძლივს მოხერხდა ამ პერიოდში, ისიც ორი-სამი დღის წინ. ეს პრობლემები, რომელსაც ეს ხალხი აყენებს, აბსოლუტურად ადეკვატურია და მოგვარებადი. არანორმალურია ის, როდესაც სოცმუშაკს ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება არ ეძლევა. არანორმალურია ის, რომ მას თავისი ხელფასიდან უწევს თანხის გადახდა, რომ მოემსახუროს ბენეფიციარს, წავიდეს მოძალადესთან მარტო და მისი უფლება იყოს დაუცველი. არანორმალურია ისიც, რომ როცა ეს ხალხი მიმართავს თავის ზემდგომს გაჭირვებული ბავშვის ტანსაცმლის გამოყოფასთან დაკავშირებით და ამაზე პასუხი მოდის იმდენად გვიან, რომ ბავშვს ეს ტანსაცმელი უკვე დაპატარავებული აქვს. ამიტომ საზოგადოებამ პრიორიტეტები სწორად უნდა გადაანაწილოს. ბიუჯეტში რა თანხასაც ვიხდით, სწორედ ამ სოცმუშაკების მეშვეობით უნდა მივიდეს გაჭირვებულ ხალხამდე. ჩვენ მათ სამართლებრივი კუთხით გავუწიეთ უკვე დახმარება და გაფიცვის უფლებაც სწორედ ასე მოიპოვეს. ჩვენ სოცმუშაკების მიმართ ვიქნებით ბოლომდე სოლიდარულები“,- განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
მთავრობის კანცელარიასთან სოციალური მუშაკების აქცია დილიდან მიმდინარეობს. ისინი ქვეყნის მასშტაბით სწორედ დღეს გაიფიცნენ და საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე უარს იქამდე ამბობენ, ვიდრე მათი ის მოთხოვნები არ შესრულდება, რომელიც სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების ზრდას, ტრანსპორტირების პრობლემის მოგვარებას, კადრების დამატებასა და სხვადასხვა სერვისების ამოქმედებას გულისხმობს.