სოციალური მუშაკები გაიფიცნენ
სოციალური მუშაკები გაიფიცნენ

სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ. ისინი ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობას აპროტესტებენ. ისინი უკვე თვეზე მეტია სისტემური ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობენ. ჯამში მათ 22 მოთხოვნა აქვთ, მათ შორის ხელფასების ზრდა, ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და კადრების დამატება.

„აუცილებელია ამ მოთხოვნები შესრულება, რადგან ადამიანებმა მყისიერად მიიღონ სერვისები და ჩვენც შევძლოთ სრულფასოვნად მუშაობა. გამომდინარე ჩვენი შრომითი პირობებიდან, ვერ ვმუშაობთ. არ არის საკმარისი რაოდენობის კადრები, არ გვემსახურება ტრანსპორტი, რომელიც სჭიროა, რომ მყისიერად მოხდეს გარკვეულ შემთხვევებზე რეაგირება და გვიწევს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება.

ასევე, არასრულწლოვანი, რომელსაც ესაჭიროება ფსიქოლოგი, შეიძლება თვეობით ელოდოს ფსიქოლოგის მომსახურებას. ხანდაზმული, რომელიც თვეობით ელოდება პანსიონატში, სათემო ორგანიზაციაში ჩარიცხვას და ქუჩაში იმყოფება, არ აქვს არსად წასასვლელი. არის კიდევ გარკვეული მიმართულებები, რომელიც გაუმჯობესებას, გარკვეული სერვისების შექმნას საჭიროებს”, – განაცხადა ერთ-ერთმა სოციალურმა მუშაკმა.

აქციას უკვე შეუერთდნენ რეგიონების წარმომადგენლებიც. დღის ბოლომდე კი აქციაზე მისვლას საინიციატივო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირების წარმომადგენლებიც აპირებენ.

სოციალურმა მუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიწყეს. თვენახევრიანი მედიაციის პროცესი კი უშედეგოდ დასრულდა.