სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შემწეობის მიმღებთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არასწორს უწოდებს
სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლევან გოგოძე სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არასწორს უწოდებს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების ეთერში გასულ სიუჟეტს და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან გაკეთებულ მიზანმიმართულ განცხადებას, სადაც მტკიცებით ფორმაში ხდება სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელება. თითქოსდა, ხელისუფლება სოციალურად დაუცველებს საარჩევნოდ, ხმების მოპოვების მიზნით იყენებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
განვმარტავთ, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდა, ბენეფიციარების საჭიროებებზე დროულმა რეაგირებამ გამოიწვია. ამ დრომდე გრძელდება მორატორიუმი, რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოციალური დახმარება არავის შეწყვეტია.
გარდა ამისა, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა ორიენტირებულია ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებზე. შემოღებულია სოციალური დახმარების დიფერენცირებული სისტემა და სოციალური დახმარების ოდენობა განისაზღვრება სარეიტინგო ქულისა და ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით.
პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდა და 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდა. ასევე გაიზარდა მოცვა, რაც იმას ნიშნავს, რომ 100 000 ქულის ნაცვლად დახმარებას 120 000 ქულის მქონე ბავშვიანი ოჯახები იღებენ, რამაც დამატებით გაზარდა სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა“, – აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.