სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება და ხელშეკრულების ვადები გაიზარდა
დღეიდან სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება 150 ლარით გაიზარდა და შესაბამისად, მათთვის სამგზავრო თანხის სახით გამოყოფილი ანაზღაურების ოდენობა 250 ლარს შეადგენს.
აღნიშნულის თაობაზე განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაკეთდა.
მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის თქმით, 100 ლარით გაიზარდა უფროსი სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურებაც და 450 ლარის ნაცვლად ისინი 550 ლარს მიიღებენ.
„6 თვემდე გაზარდა სოციალური აგენტებისთვის ხელშეკრულების ვადებიც, ხოლო წლის ბოლოდან სოციალური აგენტების ნაწილს ერთ წლიანი, ნაწილს კი უვადო ხელშეკრულებები გაუფორმდებათ. აღნიშნული განპირობებულია მათი სამუშაო სტაჟიდან გამომდინარე.
ცვლილებები შეეხო და გაიზარდა სოციალური აგენტების შვებულების, იძულებითი მოცდენისa და წახალისების ანაზღაურების ოდენობაც. ამ შემთხვევაში, სოციალური აგენტები ბოლო სამი თვის საშუალო ანაზღაურებას მიიღებენ. სოციალური აგენტები ფიქსირებული თანხის გარდა დამატებით ხელფასს გამომუშავებით იღებენ იმის მიხედვით, თუ რამდენ ოჯახში ახორციელებენ ვიზიტს“, – განაცხადა წოწკოლაურმა.
როგორც გიორგი წოწკოლაურმა აღნიშნა, ცვლილებები ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგია, რაც სხვა სიახლეებთან ერთად სოციალური აგენტების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.
„ეს პროექტი დიდი ხანია არსებობს, ის იანვარში უკვე გვქონდა. თუმცა რეორგანიზაციის პროცესი პანდემიის პირობებში შენელდა. დღეიდან კი ამის შესაძლებლობა მოგვეცა“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ გიორგი წოწკოლაური დღესვე სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა, აღნიშნული ცვლილებები მათთან კიდევ ერთხელ განიხილა და დამატებითი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო.