სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონული პორტალი ამოქმედდა
სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ელექტრონული პორტალი student.moh.gov.ge დღეიდან ამოქმედდა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაიცემა:
„2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვის მიზნით.
სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და 2020 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 000-ზე, არ სჭირდებათ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე.
ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება მშობელს, რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში“, სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 000-ზე და სტუდენტი შვილი არ არის გათვალისწინებული ოჯახის წევრად.
სტუდენტის მშობელი რეგისტრაციისას უთითებს:
ა) საკუთარ სახელს, გვარს და პირად ნომერს;
ბ) სტუდენტი შვილის სახელს, გვარს, პირად ნომერს და საჭიროების შემთხვევაში ატვირთავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და დაბადების მოწმობის ასლებს.
დამუშავებული სია გადაეცემა განათლების სამინისტროს, რომელიც განახორციელებს შესაბამის პროცედურებს, რათა მოხდეს 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფინანსება“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის პირველ ნოემბრამდე.