სლოვენიის მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის პანდემია დასრულდა
სლოვენიის მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის პანდემია დასრულდა.
ქვეყანაში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის შვიდზე მეტი შემთხვევა არ გამოვლენილა.
სლოვენიაში ჩასვლა ტურისტებსაც შეუძლიათ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებისთვის, ქვეყანაში ჩასვლისას 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო არ იქნება, მაგრამ ეს კვლავ სავალდებულო ზომად რჩება ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ეპიდემიას დასრულებულად აცხადებს, „კოვიდ 19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, კვლავ ძალაში რჩება წესების დაცვა, როგორიცაა – დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება, ორმეტრიანი დისტანციის დაცვა და შენობაში შესვლის წინ ხელის დაბანა.
ორმილიონიან ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის 1 464 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსის შედეგად დაღუპულია 103 ადამიანი.