სლოვენიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, წინასწარი ცნობებით, ზარალის ოდენობა 500 მილიონ ევროს გადააჭარბებს
სლოვენიაში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. წინასწარი ცნობებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა 500 მილიონ ევროს გადააჭარბებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 5 აგვისტოს დილით, ლუბლიანასთან ახლოს, მდინარის ნაპირთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს. დაღუპულია ასევე ერთი ქალი და ორი ნიდერლანდელი ალპინისტი.
ნიდერლანდების კიდევ ხუთი მოქალაქე დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა უკანასკნელი ცნობებით, მათ ადგილსამყოფელს მიაგნეს.
წყალდიდობის შედეგად დანგრეულია სახლები, საწარმოები, გზები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.
ევროკავშირმა მზადყოფნა გამოთქვა, საჭირო დახმარება გაუწიოს სლოვენიას. ამის შესახებ განცხადება „ტვიტერით“ გაავრცელა ევროკომისიის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ევროკომისარი უკვე გაემგზავრა ლუბლიანაში.