სლოვაკეთში ბელარუსის ელჩმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო და მათ მხარდაჭერა გამოუცხადა, თანამდებობა დატოვა.
იგორ ლეშენიას გადადგომის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული სააგენტო Tut.by ავრცელებს.
„მე ნამდვილად დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ. ეს ლოგიკური ნაბიჯია, რადგან როგორც ელჩი, დანიშნული ვარ მოქმედი პრეზიდენტის მიერ და ნაგულისხმევია, რომ მე უნდა გავატარო მის მიერ განსაზღვრული პოლიტიკა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ ჩემს განცხადებაში გამოხატული სამოქალაქო პოზიცია ამ ჩარჩოებს გასცდა“, – განაცხადა ლეშენიამ მედიასაშუალებასთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლეშენიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„როგორც ყველა ბელარუსი, მე შოკში ვარ ჩემი ქვეყნის მოქალაქეების წამებისა და ცემის შესახებ ისტორიებისგან. ერთ-ერთ სურათზე სისხლჩაქცევებში ჩვენ ამოვიცანით ჩემი ქალიშვილის თანაკლასელი, რომელიც ნამდვილად არასდროს ყოფილა არეულობისკენ წამქეზებელი“, – ამბობს ელჩი ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში ანტისამთავრობო დემონსტრაციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გრძელდება.