სლოვაკეთის პრეზიდენტი წუხს, რომ მისმა ქვეყანამ დიდი ბრიტანეთისადმი სოლიდარობის ნიშნად რუსი დიპლომატები არ გააძევა
სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა წუხს იმის გამო, რომ მისმა ქვეყანამ დიდი ბრიტანეთისადმი სოლიდარობის ნიშნად რუსი დიპლომატები არ გააძევა. ამის შესახებ მან ჩეხეთის პრეზიდენტთან, პრორუსული შეხედულებებით ცნობილ მილოშ ზემანთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ამჟამად მიმდინარეობს საინფორმაციო ომი, როდესაც ახალი ინფორმაცია მოდის ყველა მხრიდან, თუმცა მე მიმაჩნია, რომ საჭიროა, მოკავშირეების მხარეს დგომა. ვწუხვარ“, – განაცხადა კისკამ.
სლოვაკეთი ვიშეგრადის ოთხეულის ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით რუსი დიპლომატები არ გააძევა. 28 მარტს ბრატისლავამ მოსკოვიდან თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.
თავის მხრივ, მილოშ ზემანმა ეჭვი გამოთქვა სოლსბერიში მომხდართან რუსეთის კავშირის შესახებ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებებთან დაკავშირებით.