სკოტლენდ იარდი - უმარ ჰაკი ლონდონში ტერაქტებისთვის ბავშვების არმიის შექმნას გეგმავდა
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ბრიტანელი მხარდამჭერი, მასწავლებელი უმარ ჰაკი ლონდონში ტერაქტების განსახორციელებლად 100-ზე მეტი მოსწავლის რეკრუტირებაში ცნეს დამნაშავედ. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება ლონდონის სისხლის სამართლის სასამართლომ მიიღო.
გამოძიების ინფორმაციით, 25 წლის ჰაკი 11-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვების რადიკალიზაციას ცდილობდა.
„ის ბავშვების არმიის შექმნას გეგმავდა, რომელიც მთელ ლონდონში მრავალრიცხოვანი ტერაქტების მოწყობაში დაეხმარებოდა“, – განაცხადა სკოტლენდ იარდის კონტრტერორისტული საქმიანობის განყოფილების ხელმძღვანელმა დინ ჰაიდონმა.
პოლიციის განცხადებით, მამაკაცი გაკვეთილებს ლონდონის აღმოსავლეთით პატარა კერძო ისლამურ სკოლაში ატარებდა.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ჰაკი არასრულწლოვნებს აჩვენებდა ვიდეოჩანაწერებს, სადაც ადამიანებს თავებს კვეთდნენ. მასწავლებელი ბავშვებს აიძულებდა, ლონდონზე და სამართალდამცველებზე თავდასხმის იმიტაცია განეხორციელებინათ.
ჰაკის წინააღმდეგ ჩვენება ექვსმა მოსწავლემ მისცა.
პროკურატურის მტკიცებით, მასწავლებელი ბავშვების გამოყენებას ლონდონში მნიშვნელოვან ობიექტებზე, მათ შორის, ბიგ-ბენზე, სავაჭრო ცენტრებზე, ბანკებსა და სამაუწყებლო სადგურებზე, თავდასხმების განსახორციელებლად გეგმავდა.
უმარ ჰაკით სპეცსამსახურები 2016 წლის აპრილში დაინტერესდნენ, როდესაც მან სირიაში სცადა გამგზავრება. ის 2017 წლის მაისში ტერაქტების მომზადების ბრალდებით დააკავეს.
ლონდონის სასამართლომ დამნაშავედ ასევე ცნო 19 წლის აბუთაჰერ მამუნი და 27 წლის მუჰამედ აბიდი, რომლებიც, გამოძიების მტკიცებით, ჰაკის თანამზრახველები არიან.