სკოლების შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერების დამონტაჟება სავალდებულო გახდება
სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერების დამონტაჟება სავალდებულო გახდება,- აღნიშნულს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით დღეს იმსჯელებენ.
ცვლილების თანახმად, ვიდეოკამერები სკოლის მთელ ტერიტორიას და გარე პერიმეტრს დაფარავს.
ამასთან, აღჭურვის პროცესი ეტაპობრივად წარიმართება და საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლას მოიცავს. სკოლებში, სადაც უკვე არსებობს კამერები, გადამოწმდება მათი დაფარვის არეალი და საჭიროების შემთხვევაში, გაიზრდება ვიდეოკამერების რაოდენობა. ვიდეო კამერების ადმინისტრირებას მანდატურის სამსახური განახორციელებს;
„კიდევ უფრო გაიზრდება კოორდინაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. კერძოდ, სკოლაში რიკს-ჯგუფების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებისა და სკოლის გარეთ დანაშაულის პრევენციის მიზნით, მოხდება სამინისტროებს შორის სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლა“,- აღნიშნულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტში.
ამასთან, ცვლილებების მიხედვით, სკოლაში მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალების და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით, მანდატურს ექნება მოზარდის შეყოვნების და მშობლისთვის და სამართალდარღვევის შემთხვევაში, პოლიციისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება;
„მანდატურის სამსახური ხდება გაცილებით დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე – მანდატური თანამდებობაზე დაინიშნება არა სკოლის დირექტორის, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსის მიერ, რაც მანდატურის დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდის. მანდატურის სამსახურის უფროსს, თავის მხრივ, თანამდებობაზე ნიშნავს განათლების მინისტრი;
თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით მანდატური შეიძლება გახდეს ზოგადი განათლების მქონე პირი, ცვლილების შემდეგ მანდატურად დაინიშნება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი“,- აღნიშნულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტში.