სკოლის მანდატურს მოზარდის შეყოვნების, სამართალდარღვევის შემთხვევაში კი, პოლიციისთვის შეტყობინების ვალდებულება ექნება
სკოლის მანდატურს მოზარდის შეყოვნების, სამართალდარღვევის შემთხვევაში კი, პოლიციისთვის შეტყობინების ვალდებულება ექნება

სკოლის მანდატურს მოზარდის შეყოვნების, მშობლისთვის და, სამართალდარღვევის შემთხვევაში, პოლიციისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება ექნება,- აღნიშნულ ცვლილებას „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ითვალისწინებს.

გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, „მანდატურის სამსახური ხდება გაცილებით დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე“, მანდატური თანამდებობაზე დაინიშნება არა სკოლის დირექტორის, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსის მიერ. მანდატურის სამსახურის უფროსს კი, თანამდებობაზე ნიშნავს განათლების მინისტრი;

ამასთან, თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით მანდატური შეიძლება გახდეს ზოგადი განათლების მქონე პირი, ცვლილების შემდეგ მანდატურად დაინიშნება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი.

გარდა ამისა, მანდატურის სამსახურში მიღების ასაკი აიწევს 21-წლამდე; იცვლება მანდატურის პროფესიული მომზადების წესი, რომელიც თეორიულ მომზადებასთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც გაითვალისწინებს. გაიზრდება მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობა. კურსს შესაბამისი ექსპერტები გაუძღვებიან, რაც სწავლების მაღალ ხარისხს და მანდატურთა პროფესიულ ზრდას უზრუნველყოფს. ახალი კურსის შესაბამისად გადამზადებას მოქმედი მანდატურები ეტაპობრივად გაივლიან.