სკოლებში დისტანციური სწავლების პროცესის ორგანიზების შესახებ განათლების მინისტრმა ბრძანება გამოსცა
სკოლებში დისტანციური სწავლების პროცესის ორგანიზების შესახებ განათლების მინისტრმა ბრძანება გამოსცა

სკოლებში დისტანციური სწავლებისას რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს სამი გაკვეთილის ჩატარება. ამის შესახებ დისტანციური სწავლების პროცესის წარმართვისა და ორგანიზების შესახებ განათლების მინისტრის მიერ გამოცემულ ბრძანებაშია ნათქვამი.

ბრძანების თანახმად, დისტანციური გაკვეთილების რეკომენდებული ხანგრძლივობა არის შემდეგი:

I-IV კლასებში – 15-20 წუთი;

V-IX კლასებში – 25-30 წუთი;

X-XII კლასებში – 35-40 წუთი.

რეკომენდებულია დაგეგმილი გაკვეთილი შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, მაგალითად, ეკრანიდან მზერის გადატანა შორს მდებარე საგანზე, თვალის რამდენჯერმე დახამხამება და ა.შ.

სკოლა ვალდებულია, უზრუნველყოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება, რათა არც ერთი მოსწავლე არ აღმოჩნდეს დისტანციური სასწავლო პროცესის მიღმა, ან არ ჩამორჩეს თანაკლასელებს სწავლაში. ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენოს იმისათვის, რომ I-IV კლასების მოსწავლეებისთვის უზრუნველყოს დასწრებით სასწავლო პროცესი.

ამასთან, სკოლებს ეკისრება ვალდებულება, სისტემატურად აწარმოოს მოსწავლეთა დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრების აღრიცხვა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

კლასის დამრიგებელი ვალდებულია, დაადგინოს მოსწავლის მიერ დისტანციური გაკვეთილის გაცდენის მიზეზები

გარდა ამისა, სკოლა ვალდებულია, გამოყოს შესაბამისი სივრცე მასწავლებლისთვის დისტანციური გაკვეთილის ჩასატარებლად იმ შემთხვევაში თუ მასწავლებელი ვერ ახერხებს სახლიდან ჩართვას ან არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა/ინტერნეტი.

ბრძანების თანახმად, სკოლაში დისტანციური სწავლების რომელიმე მოდელზე გადასვლის წინაპირობა შეიძლება იყოს:

სკოლაში/დასახლებაში/მუნიციპალიტეტში/ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გადამდები დაავადებით გამოწვეული მდგომარეობისას დადგენილი დროებითი შეზღუდვები;

რთული მეტეოროლოგიური/ექსტრემალური პირობებით ან ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული დროებითი შეზღუდვები;

სკოლაში მიმდინარე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმილ ვადებში შეუსრულებლობისას ან გადაუდებელი სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას;

ცალკეულ საგანში ადამიანური რესურსის (მასწავლებლის) დეფიციტი;

ცალკეულ საგანში თანამედროვე ინოვაციური სასწავლო ტექნოლოგიების დანერგვა ან სკოლის მიერ სხვა დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში.