სკოლებს შეეძლებათ, დანერგონ სწავლის შერეული მოდელი, თუმცა I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სწავლა სავალდებულო იქნება
სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ, დანერგონ სწავლის შერეული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად, თუმცა აღსანიშნავია, რომ I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სწავლა სავალდებულო იქნება.
ამის შესახებ 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებშია ნათქვამი.
სკოლის ადმინისტრაციის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, შერეული მოდელის დანერგვისას, V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ ერთი დღე; VII – XI კლასებში მაქსიმუმ ორი დღე; ხოლო XII კლასში – მაქსიმუმ სამი დღე.
შერეული სწავლების მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან.
საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს განახლდება. ამასთან დაკავშირებით განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავეს.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი