სხეულის განზრახ დაზიანებისა და ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაკავებული ბესიკ დგებუაძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
სხეულის განზრახ დაზიანებისა და ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაკავებული ბესიკ დგებუაძე პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დღეს იმსჯელა და დგებუაძეს 30 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
ბრალდებულის ერთ-ერთი ადვოკატის ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობამ განაპირობა.
„დღეს იყო წინასასამართლო სხდომა. დავაყენეთ რამდენიმე შუამდგომლობა. პირველი ეს იყო მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა, იყო სამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე და მესამე გახლდათ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნა. სასამართლომ იმსჯელა სამართლიანად და სამივე შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საქმე სასამართლოს გადეცა არსებითი განხილვის მიზნით. ფაქტობრივად არ იყო მიმალვის ან მოწმეზე ზეწოლის საშიშროება.
ჩვენ ასევე მოვიპოვეთ ბესიკ დგებუაძის ჯანმრთელობის ცნობა, რომ ის საჭიროებს გაყვანას და მკურნალობას. მოგეხსენებათ, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ორი ჭრილობა მიყენებული“,- ამბობს ადვოკატი დემურ სოტკილავა.
დგებუაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით დაკავებულის ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა ზუგდიდში აქციები არაერთხელ გამართეს.
ბესიკ დგებუაძე გასული წლის ნოემბერში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მოგვიანებით, ის ძმასთან ერთად დააკავეს. ორივე მათგანს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თუმცა, პროკურატურამ გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
საბოლოოდ, ბესიკ დგებუაძეს ქუთაისის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. დგებუაძეს ბრალი სსსკ-ის 120-ე და 370-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას და ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს.
საქმის არსებითი განხილვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 7 ივნისს დაიწყება.