„სითი პარკის“ ადვოკატი - კომპანიას არ ეძლევა სასამართლო წესით დავის წარმოების შესაძლებლობა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს წარმოებაში არ მიიღო კომპანია „სითი პარკის“ სარჩელი, რომელიც მერიის მიერ ადმინისტრაციული აქტის კანონიერების განსაზღვრას ეხებოდა. კომპანიის ადვოკატი ნათია წკეპლაძე აცხადებს, რომ თავდაპირველად საქალაქო სასამართლოში ურჩიეს, რპმ სახელშეკრულებო წესით ედავათ, თუმცა როდესაც მერიის გადაწყვეტილება სწორედ სახელშეკრულებო წესით გაასაჩივრეს, მოსამართლემ არც ეს სარჩელი მიიღო.
„დღეს საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გვითხრა, რომ არც ამ სარჩელის სახის მეშვეობით შეგვიძლია უფლების დაცვა და დაუშვებლად ცნო ჩვენი სარჩელი ისე, რომ ჩვენი განმარტებები არ მოუსმენია. დაგვრჩა შთაბეჭდილება, მოსამართლე წინასწარ იყო განწყობილი ამ გადაწყვეტილების მისაღებად. ეს მიმართულია იქითკენ, რომ სასამართლოში არ მოხდეს თბილისის მუნიციპალიტეტის იმ განკარგულებების განხილვა, რომლებითაც გაფრთხილება მიეცა „სითი პარკს“, თითქოსდა ნაკისრ ვალდებულებებს არაჯეროვნად ასრულებდა. იცით, რომ 13 მარტს თბილისის მერიამ შეწყვიტა „სითი პარკთან“ დადებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველიც არის ზუსტად ის გაფრთხილებები, რომელსაც ჩვენ სასამართლო წესით ვასაჩივრებთ. ამგვარი სასამართლო განჩინებების შედეგად, პრაქტიკულად გამოძევებული ვართ სასამართლო ორგანოებიდან და კომპანიას არ შეუძლია საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლო წესით”, – აცხადებს „სითი პარკის“ იურისტი. ადვოკატი აღნიშნავს, რომ კომპანიას სასამართლო წესით უფლებების დაცვის შესაძლებლობა, ფაქტობრივად, არ ეძლევა.
ადვოკატის განცხადებით, თბილისის მერიასა და სასამართლოს შორის გარკვეული კოორდინაცია იკვეთება.
„გვაქვს ძალიან რთული ვითარება, „სითი პარკს“ არ ეძლევა სასამართლო წესით დავის წარმოებისა და საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით დაცვის შესაძლებლობა. განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ თბილისის მერიისთვის უკიდურესად არახელსაყრელია მის მიერვე გამოცემული ორი განკარგულების კანონიერების შემოწმება სასამართლოს წესით. ნამდვილი მიზეზი არის არა კომპანიის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, არამედ ის, რომ არ სურთ, „სითი პარკი“ ახორციელებდეს ამ ფუნქციას”, – განაცხადა “სითი პარკის” ადვოკატმა.