სისხლის პროდუქტების მარაგის შესაძლო დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სისხლის დონაციების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. კლების ტენდენციის შენარჩუნებამ კი შესაძლებელია, სისხლის პროდუქტების დეფიციტის გამოიწვიოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ და სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებს სისხლის უანგარო დონაციის აქციების ჩატარების თხოვნით მიმართავენ.
მსგავსი აქცია დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა.
„ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ჯანდაცვის გამოცდილება ცხადყოფს, რომ COVID-19 მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს სისხლის მარაგებზე ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა დონორების მიმართვიანობის შემცირება, COVID-19-ის შემთხვევები, კარანტინი, თვითიზოლაცია, სისხლის ბანკებში შემცირებული პერსონალი, მობილური აქციების შეზღუდვა და სხვა ბარიერები, რაც ნეგატიურად აისახება გადაუდებელი მდგომარეობების და იმ ქრონიკული დაავადებების მართვაზე, რომლებიც მოითხოვენ რეგულარულ ტრანსფუზიულ თერაპიას. ქვეყანაში არსებობს გარკვეული მარაგი, თუმცა, ამ პროცესთან ერთად, დონორთა რაოდენობა შემცირდა და რეალურად ის ყოველთვიური მარაგი, რომელიც შედიოდა სისხლის ბანკებში, ნელ-ნელა იკლებს. შეიძლება, დავდგეთ სისხლის მწვავე დეფიციტის წინაშე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგროვდეს ეს მარაგები, რასაც დღევანდელი აქცია ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ შეჩერდეს. შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, როგორიც არის რიგის, სოციალური დისტანციის დაცვა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ რესპირატორული პრობლემების შემთხვევაში არ მიმართოს დონორმა სისხლის ბანკს, ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც ზოგადად ეხება ახალი კორონავირუსის გავრცელების შემაკავებელ ღონისძიებებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მარაგი შეიქმნას ქვეყანაში. არ დაიკლოს სისხლის მარაგმა და არ დავდგეთ დეფიციტის წინაშე“, – აღნიშნა ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ადამიამ.
მისი თქმით, ამ გამოწვევის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, დონორებმა გაიღონ სისხლი და გადაარჩინონ თანამოქალაქეების სიცოცხლე.