საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომლითაც მამაკაცთან სქესობრივი კავშირიდან 10 წლის განმავლობაში მამაკაცს სისხლის დონაცია ეზღუდება
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომლითაც მამაკაცთან სქესობრივი კავშირიდან 10 წლის განმავლობაში მამაკაცს სისხლის დონაცია ეზღუდება

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომლითაც მამაკაცთან სქესობრივი კავშირიდან 10 წლის განმავლობაში მამაკაცს სისხლის დონაცია ეზღუდება.

სარჩელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ გოჩა გაბოძესა და ლევან ბერიანიძეს ჰქონდათ შეტანილი.

მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციული იყო, რადგან ყველა სხვა შემთხვევაში, დონაციის უფლება იზღუდებოდა სარისკო ქცევიდან 12 თვის ვადით.

მოპასუხე მხარის პოზიციით კი, მამაკაცთან სქესობრივი კავშირის მქონე მამაკაცებში გაცილებით მაღალია სისხლის გზით გადამდები ინფექციის შეძენის რისკი. შესაბამისად, გამართლებული იყო ამ პირთა დონაციის უფლების უფრო ხანგრძლივი ვადით შეზღუდვა.

საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ თემაზე 2014 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას დაეყრდნო, სადაც მითითებულია, რომ სისხლის სამედიცინო შემოწმებამ შესაძლებელია სრულად ვერ გამორიცხოს რეციპიენტთა აივ ვირუსით ინფიცირების რისკები, რადგან ვერ ხერხდება ვირუსის აღმოჩენა ინკუბაციის პერიოდში (ე.წ. ფანჯრის პერიოდი). ამასთან, ახალ გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ 10 წელი ბევრად აღემატება „ფანჯრის პერიოდს“ და სადავო ნორმა ბევრად უფრო ხანგრძლივად უზღუდავდა უფლებებს მოქალაქეთა ნაწილს.

სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა 2020 წლის 31 მარტამდე გადავადდა, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოში რეციპიენტთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვით, აგრეთვე სისხლის დონაციის პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფით ხსნიან.